"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მოსაყდრენი - საინტერესო ფაქტები ეკლესიის ისტორიაში"


plane
ავტორი: zuka | 29-11-2017, 11:22

გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე:

- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საყდარი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ადგილს, ტახტს, რომელზეც ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი. ლოგიკურად, მოსაყდრე წარმოადგენს იმ მღვდელმთავარს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მასთან ერთად ინაწილებს საყდარზე ყოფნის პატივს, უფლებამოსილებასა და მოვალეობებს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, ჯერ კიდევ რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811-1814 წ.წ.) ფიქსირდება მოსაყდრის ინსტიტუტის არსებობა და მღვდელმთავარი, რომელიც მოსაყდრე გახლდათ.

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმე მეორე (აბაშიძე), მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსეთში გაემგზავრა ელჩობისთვის, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნდა. 1795 წლიდან დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გახდა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი), რომელიც საკათალიკოსოს გამგებლად იწოდებოდა. არსებობს სამი ისტორიული დოკუმენტი, სადაც მიტროპოლიტი დოსითეოსი იხსენიება, როგორც კათოლიკოსი, მაგრამ არ მოგვეპოვება ცნობა მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შესახებ და არც რაიმე საბუთი, სადაც მიტროპოლიტი დოსითეოსი თავის თავს იხსენიებს კათოლიკოსად. თუმცა, არსებობს საბუთი, რომელშიც იგი საკუთარ თავს უწოდებს საკათალიკოსოს გამგებელს, ანუ მოსაყდრეს.

KARIBCHEასე გახლდათ 1814 წლამდე, ვიდრე რუსეთის ეკლესიის სინოდმა სრულიად ანტიკანონიკურად არ გააუქმა დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო და მისი ავტოკეფალია. 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. აქტი წაიკითხა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ამავე წლის 15 აგვისტოს, ეპისკოპოსი ლეონიდე თბილელ მიტროპოლიტად იქნა დადგენილი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის უფლებებით აღიჭურვა. 1917 წლის ძვ. სტ. 9-16 სექტემბერს გაიმართა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, რომელზეც მიიღეს და დამტკიცდა "საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება". აღნიშნული დებულების მიხედვით, თბილელი მიტროპოლიტი იყო კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ანუ 1917 წელს მიღებული დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჰყავდა მუდმივი მოსაყდრე, თბილელი მიტროპოლიტის სახით. შესაბამისად, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორეს გარდაცვალების შემდეგ (მოკლეს 1918 წლის ძვ.სტ. 27 ივნისს), არ გახდა საჭირო მოსაყდრის დადგინება, ვინაიდან, მოქმედი დებულებით, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეშივე გახლდათ მოსაყდრე.

1925 წლის11 ნოემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) დაადგინა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. მოსაყდრე მიტროპოლიტ კალისტრატეს მიენიჭა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის უპირატესობა. 1926 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფისგან კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და მისი მომხრე იერარქების წინააღმდეგ მწვავე დაპირისპირების გამო, ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე და მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს, რათა დაპირისპირების განეიტრალების მიზნით, მოსაყდრედ აერჩიათ სხვა მღვდელმთავარი.

თუმცა, 1932 წლის 10 იანვარს, როდესაც ღმრთივგანისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე მესამემ (ციცქიშვილი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დააბრუნა მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე). თავის მხრივ, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), თავის სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაადგინა ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე).

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ მესამე (ფხალაძე), მოხუცებულობის ჟამს სერიოზულად ფიქრობდა მოსაყდრის დადგენის შესახებ. სწორედ, ამ მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა, საგანგებოდ გამოიძახა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი (შემდგომ მიტროპოლიტი) ნაომი (შავიანიძე) და შეთავაზა მოსაყდრეობა, რაზეც მეუფე ნაომმა, პირადი თავმდაბლობის გამო (არასაკმარისი განათლება მოიმიზეზა), თავაზიანი უარი განაცხადა და თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქს, მოსაყდრედ დადგენისთვის შეთავაზა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა. კათოლიკოს-პატრიარქი, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე არ დაეთანხმა მიტროპოლიტ ეფრემის კანდიდატურას...

1959 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ მოსაყდრედ დაადგინა ურბნელ-მარგველი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი), რომელსაც ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის ჟამს მიანიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. 1960 წლის 10 იანვარს, როდესაც ღმრთივმიიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ მესამე, მოსაყდრე ეპისკოპოსმა დავითმა, საკუთარი ნებით უარი განაცხადა მოსაყდრეობაზე ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) სასარგებლოდ, რომელიც წმიდა სინოდის მიერ დადგენილი იქნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

1972 წლის 7 აპრილს, როდესაც ღმრთივგანისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ (სიდამონიძე), აღმოჩნდა, რომ მას დატოვებული ჰქონდა ანდერძი, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დასახელებული იყო ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), რომელიც წმიდა სინოდის 1972 წლის 1 მაისის სხდომის ოქმში, სრულიად სამართლიანად მოხსენიებული გახლავთ, როგორც "ორგზის მოსაყდრედ დატოვებული მიტროპოლიტი დავითი".

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ღმრთივმიიცვალა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). 2017 წლის 23 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამის გიორგის ხსენების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ვინაიდან, ამჟამად საქართველოს ჰყავს მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (მიღებული და დამტკიცებული 1995 წლის 18-19 სექტემბერს) მოსაყდრის დადგენას ითვალისწინებს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის, ან სხვა იმგვარი შემთხვევისას, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ვერ ანხორციელებს თავის უფლებამოსილებას, ხოლო, ამჟამინდელ საგანგებო ვითარებაში, როდესაც ზემოთ ხსენებული სამი სავარაუდო მდგომარეობიდან, არცერთი გაგვაჩნია, შესაბამისად, უახლოეს დროში, სამართლებრივად უნდა დადგინდეს, მოცემულ ვითარებაში, ანუ მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში, რა უფლება-მოვალეობანი ენიჭება მოსაყდრეს, რაც ცხადს გახდის ამჟამინდელ სიტუაციაში მოსაყდრის ქმედითობასა და გაამარტივებს მასზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულებას.

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account