5 ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს


plane
ავტორი: admin | 14-11-2017, 20:14

1. სარგებელი ვაჭრობიდან
ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის ნებაყოფლობითი გაცვლა, გარიგების მონაწილე ყველა მხარისთვის მომგებიანია.

ვაჭრობის თავისუფლება, ანუ პროდუქციისა და სერვისების გაცვლის შესაძლებლობა, სოციალური კეთილდღეობისა და წესრიგის საკვანძო წინაპირობაა
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ნებისმიერი ეკონომიკური მოქმედებისას, გაცვლილი პროდუქცია ერთნაირი ღირებულების უნდა იყოს. ასევე პოპულარულია აზრი, რომ ვაჭრობის შედეგად მხოლოდ, ერთი მხარე იღებს მოგებას და გარიგების სხვა მონაწილე ან მონაწილეები წამგებიან პოზიციაში არიან. სინამდვილეში, ნებაყოფლობითი გარიგება ხდება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ყველა მონაწილე მხარეს სჯერა და მათი პერსპექტივიდან ეს ნამდვილად ასეა, რომ გაგირებიდან იხეირებენ. ნებისმიერი მეწარმე საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის, თავისუფალ პირობებში გაცილებით მეტი დოვლათის შექმნას შეძლებს, ვიდრე იზოლაციურ და ჩაკეტილ გარემოში. ვაჭრობის თავისუფლება, ანუ პროდუქციისა და სერვისების გაცვლის შესაძლებლობა, სოციალური კეთილდღეობისა და წესრიგის საკვანძო წინაპირობაა.

2. სუბიექტური ღირებულება
ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის ღირებულება, რომელიც განისაზღვრება კერძო ინდივიდის მიერ, არის სუბიექტური რამ. პროდუქცია მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც მოაქვს სარგებელი მყიდველისთვის. პროდუქციის ფასი არ განისაზღვრება მასზე გაწეული შრომის ან რაიმე სხვა პარამეტრის მიხედვით.

თავისთავად, პროდუქტის ღირებულება თავად აქტივის იშვიათობაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, სასმელი წყლის ფასი უდაბნოში გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ისეთ ადგილას სადაც წყალი არ არის დეფიციტური. გარკვეული პროდუქცია სხვადასხვა გარემოში შეიძლება, სხვადასხვა ფასი ღირდეს და არ არსებობს რაიმე წესი, რომლითაც შესაძლებელია „ობიექტური“ ფასის დადგენა. დოვლათის შექმნა ხდება უბრალოდ საკუთრების უფლების ერთი ინდივიდისგან მეორეზე გადაცემით.

3. ალტერნატიული ღირებულება

არაფერია უფასო. ნებისმიერი პროდუქციის თუ სერვისის ფასი წარმოადგენს იმას, თუ რას გაიღებს ინდივიდი ამ პროდუქტის მისაღებად. ჩვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანის უკან, დგას — უარყოფილი ალტერნატივა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი არსებულ ვარიანტებს შორის. თუმცა, ჩვენს მიერ უარყოფილ ალტერნატივას ყოველთვის აქვს თავისი კონკრეტული ფასი.

მაგალითად, ამ სტატიის კითხვის მაგივრად თქვენ შეგეძლოთ. სხვა რამ გაგეკეთებინათ და საკუთარი დრო, როგორც რესურსი სხვა საქმიანობისთვის გამოგეყენებინათ. ალტერნატიული ღირებულება არის უარყოფილი არჩევანი. ის, რასაც გააკეთებდით სხვა შემთხვევაში და რა სარგებელსაც მიიღებდით დრო ან ფული რომ სხვაგვარად დაგეხარჯათ.

ყველა გადაწყვეტილებას აქვს ალტერნატიული ღირებულება.


4. სპონტანური წესრიგი
საზოგადოება ყალიბდება და ცხოვრობს არა რაიმე გეგმის ან ზევიდან ქვევით ვერტიკალის მიხედვით, არამედ ყოველი ინდივიდი თავისი ინტერესიდან გამომდინარე იქცევა.

სპონტანური წესრიგი ეს არის წესრიგი, რომელიც იქმნება ადამიანებს შორის თავისუფალი ურთიერთობის პირობებში. ეს არ არის წესები, რომელიც რომელიმე ინტელექტუალის თავში დაიბადა — როგორ უნდა გამოვიყურებოდე, როგორ უნდა ვცხოვრობდე, რამდენი უნდა მქონდეს ხელფასი, რა უნდა ღირდეს ჩემს მიერ დამზადებული პროდუქტი და ა.შ.

სპონტანური წესრიგი წარმოშობილია ადამიანების თავისუფალი გადაწყვეტილებებით. მე ვაწარმოებ ერთ ნივთს, თქვენ აწარმოებთ — სხვას. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, რომ ერთმანეთში გავცვალოთ პროდუქტები, ანუ ვივაჭროთ. მე ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს და რაც მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. ამას არავინ განსაზღვრავს და ადგენს ჩემს მაგივრად. სპონტანური წესრიგი ეს არ არის ვინმეს ჩაფიქრბული წესრიგი. ეს არის წესრიგი, რომელიც მე, ადამიანმა თვითონ დავადგინე სხვა ადამიანებთან ურთიერთობით.

ამით განსხვავდება სპონტანური წესრიგი სახელმწიფოს, ან ხელისუფლებაში, მყოფი ადამიანების ჯგუფის მიერ დანერგილი, დადგენილი წესრიგისგან. შესაბამისად, ასეთ სპონტანურ წესრიგში თვითონ განვსაზღვრავ, რა არის ჩემთვის ბედნიერება და პირიქით, რა ფასად მიღირს სახლის ან მანქანის გაყიდვა, რა ხელფასზე მიღირს მუშაობა, რა ხელფასის გადახდა მიღირს სხვა ადამიანებისთვის და ა.შ.

5. სტიმულები
ყველა ადამიანი ცდილობს, გაზარდოს საკუთარი კეთილდღეობა. ყველა ადამიანის ბუნებრივ მიზანს წარმოადგენს, იყოს უკეთესად — ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი ან რაიმე სხვა მიზნისკენ ისწრაფვოდეს. მაგალითად, იყოს ყველაზე გავლენიანი, იყოს ყველაზე ცნობილი, ცხოვრობდეს სოფელში ან პირიქით — ცხოვრობდეს ქალქში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანები ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს იღებენ იმ სტიმულებით, რომ იცხოვრონ უკეთესად და ამაში ყველა მათგანი გულისხმობს იმას, რაც მას აბედნიერებს. სწორედ ეს არის ყველასთვის საერთო სტიმული რის საფუძველზეც მოქმედებნ ადამიანები და რის საფუძველზეც ვიღებთ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account