თბილისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა


plane
ავტორი: mazma | 5-12-2017, 17:12

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირეს. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

მისი თქმით, თბილისის 2017 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მოცულობა 826 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული ბიუჯეტი მცირდება 7 მილიონი ლარით, რაც განპირობებულია იმით, რომ საბაგიროს პროექტი სხვადასხვა მიზეზის გამო წელს ვერ განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული თანხა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში გადავა. შესაბამისად, კორექტირებული ბიუჯეტის მოცულობა 819 მილიონი ლარია და დაახლოებით 13 მილიონი ლარის ოდენობის თანხის პროექტებში გადაადგილება მოხდება.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული 13 მილიონი ლარი სხვადასხვა პროექტიდან მიღებულ ეკონომიებს და ასევე ჩავარდნილი ტენდერებიდან დარჩენილ თანხას წარმოადგენს, რომელიც წლის განმავლობაში დაგროვდა. ხმალაძემ აღნიშნა, რომ ეს 13 მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, კერძოდ 4,8 მილიონი ლარი სატრანსპორტო კომპანიისთვის არის გამოყოფილი და მეტროს ვაგონებისა და მატარებლების მოდერნიზაციის სამუშაოების დასაფინანსებლად დაიხარჯება; 3 მილიონი ლარი გათვალისწინებულია „თბილსერვისჯგუფისთვის“. თანხის გადაცემა კომპანიაზე წლის ბოლომდე მოხდება და ნაგვის შემკრები მოწყობილობის ნაწილობრივ დაფინანსება მოხდება. ასევე, თანხა გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, 3 მილიონი ლარი. საახალწლო ნობათების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია მილიონი ლარი, რომელიც გამგეობებს გადაეცემა. 13 მილიონიდან ასევე გარკვეული თანხა შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩავარდნილი ტენდერების განსახორციელებელი სამუშაოები მომავალ წელს შესრულდება. скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account